ჩვენი გუნდი უკვე არაერთი წელია ამზადებს კლერტის და ჭაჭის გამომტან კონვეიერებს მეღვინეებისთვის. ცხადია, უკვე კარგად ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რაც წარმოიშვება ამ კონვეიერების მომსახურებისას.
წყალი წიპწის წინააღმდეგ

საერთო პრობლემა, რომელიც ჭაჭის და კლერტის გამომტან ყველა კონვეიერს აქვს, არის – წიპწა.
წიპწა, მოგეხსენებათ, სილასავითაა – მას შეუძლია გაჭედოს მოძრავი ნაწილები, ან გამოიწვიოს მათი ნაადრევი ცვეთა ხახუნის ძალის გაზრდის საფუძველზე.
ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენს მიერ წარმოებული კონვეიერების ზედაპირები წიპწის შეღწევისაგან. ამას ჩვენ ვაღწევთ მოძრავ ზედაპირებს შორის დარჩენილი მანძილების მაქსიმალური შემცირებით. მაგრამ მხოლოდ ამით საქმეს ვერ ვუშველით: ჩვენ არ შეგვიძლია კონვეიერის მოძრავ ზედაპირებს შორის მანძილი მივიყვანოთ ნულამდე – ამ შემთხვევში მოძრაობა შეწყდება და კონვეირი გაჩერდება.
მეორე საშუალება, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს წიპწის პრობლემის გადაწყვეტაში, არის დანადგარის სისუფთავეში შენახვა.
აქ იგულისხმება, რომ სასურველია სამუშაო დღის განმავლობაში დროდადრო მივასხათ წყალი კონვეიერის შკივებს, რომ ლენტის ქვეშ დაგროვილი წიპწა გამოვრეცხოთ.
თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ სამუშაო ცვლის დასრულების შემდგომ, ან თუნდაც რამდენიმე დღეში ერთხელ, კარგია რამდენიმე წუთის განმავლობაში მივუშვათ წყალი მომუშავე კონვეიერის შკივზე, რათა წიპწა გამოირეცხოს.
ასევე კარგია სამუშაო ცვლის დასრულების შემდგომ წყლის ნაკადით გავრეცხოთ კონვეიერის ლენტის ზედაპირიც, რათა მოვაშოროთ მას წიპწა, ჭაჭა და ყურძნის წვენი, რომელიც თუ კონვეიერს და მის მოძრავ ნაწილებს მიახმა, წებოდ იქცევა.
შენახვისთვის მომზადება

რთველის დასრულების შემდეგ აუცილებელია კონვეიერი კარგად გაირეცხოს.
თითქოს არაფერს ახალს ამით არ ვამბობ, მაგრამ არაერთხელ მინახავს, როგორ ჩართავენ ხოლმე სეზონის დაწყების წინ კონვეიერს, რომლიდანაც იყრება და იყრება რამდენიმე თვის მიმხმარი წიპწა და ჭაჭა.
ვინმემ შეიძლება მკითხოს: რა მოხდა მერე – ნუთუ წიპწას და გამხმარ ჭაჭას შეუძლია დააზიანოს კონვეიერი?
ვპასუხობ: არა, კონვეიერს ეს ვერ გატეხავს, მაგრამ გაზრდის ლენტის და შკივების ცვეთას. ამის გამო შესაძლებელია ლენტის ან შკივის გამოცვლა უფრო ადრე მოგიწიოთ, ვიდრე ეს აუცილებელი იყო. ეს კი კონკრეტული ფული ღირს.
როგორ შევინახოთ კონვეიერი
თუ კონვეიერი მობილურია (ანუ, ბორბლებითაა აღჭურვილი), მაშინ სასურველია ის შევაგოროთ საამქროში და ზამთარში იქ დავტოვოთ.
თუ კონვეიერის გაბარიტები მისი გადაადგილების საშულებას არ იძლევა, მაგრამ ის გადახურვის ქვეშაა განთავსებული – არაფერი არაა საჭირო, დატოვეთ როგორცაა.
თუ კონვეიერს მოუწევს გამოზამთრება შენობის გარეთ, ღია ცის ქვეშ, საჭიროა დავიცვათ ის მზის სხივების, ყინვის და თოვლის ზემოქმედებისგან: გადავაფაროთ მას რაიმე ისეთი მასალა (სქელი ცელოფანი, ბრეზენტი, თუნუქის ფურცელი და ა.შ.), რაც მას გარემოს მხრიდან დაზიანებისგან დაიცავს.
და ბოლოს: კონვეიერები შესაძლოა იყოს აღჭურვილი როგორც PVC (პოლივინილქლორიდის) ლენტებით, ასევ პლასტიკის, მოდულარული ლენტებით. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ PVC ლენტი შეიძლება ვირთხებმა დააზიანონ, უბრალოდ რომ ვთქვათ – დაღრღნან. ამიტომ, საჭიროა მიიღოთ ზომები ამის საწინააღმდეგოდ.
P.S. როგორ მოვამზადოთ კონვეიერები ჩასართავად ისე, რომ ყურძნის მიღების დროს მათი მუშაობისას რაიმე პრობლემები არ შეგვექმნეს, ამას დავწერ სხვა ბლოგში, უკვე გაზაფხულის ბოლოს.
ავტორი: ლევან ფესვიანიძე
Add comment