ჰენრი ფორდის მიერ 1913 წელს დანერგილი პირველი სრულიად ავტომატიზირებული წარმოების ხაზის დანერგვის შემდგომ, სამყარო დრამატულად შეიცვალა. საწარმოები ნელ-ნელა გადავიდა სრულ ან ნაწილობრივ ავტომატიზირებაზე და ადამიანის როლი საწარმო ხაზში უმეტესწილად ჩანაცვლდა. ხელით მომუშავე პერსონალის ნაცვლად ყველაზე ძვირფას კადრებად ტექნიკოსები და ინჟინრები იქცნენ. აღნიშნულმა ცვლილებამ წინ წამოწია ისეთი პრობლემა, როგორიცაა საწარმო დანადგარების გამართული მუშაობა. რადგან ახლა უკვე წარმოების ხაზი გამართულობა განაპირობებდა წარმადობის ეფექტურობას.
მოგეხსენებათ, რომ საწარმო დანადგარის გამოცვლა მისი დაზიანების შემთხვევაში, არა მარტო არაეფექტური არამედ ფისკალურად არასწორი გადაწყვეტილებაა. ამიტომ აუცილებელია, რომ მისი გამოსწორება თქვენს პერსონალს შეეძლოს მარტივად და მაქსიმალურად სწრაფად.
ერთ-ერთ წინა ბლოგში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათადარიგო ნაწილების მარაგის ქონა. დღეს მსურს განვიხილო თუ რა ტიპის ღვედებითაა დაკომპლექტებული დანადგარები და ამ ღვედების რა სახეობები არსებობს.
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს რომ რა ტიპის ღვედზეც უნდა იყოს საუბარი, ისინი ყოველთვის გაერთიანებულია შემდეგ 4 კატეგორიაში:
- ბრტყელი
- სოლისებრი
- კბილანა
- მრგვალი
ამ კატეგორიებს, მათი აპლიკაციისა და ქვე-ტიპების მიხედვით ათასობით ვარიაციის შექმნა შეუძლიათ, ეს კი იმას ნიშნავს რომ ყოველი დანადგარი ერთმანეთისაგან შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს მისი მაკომპლექტებელი სათადარიგო ნაწილების მიხედვით.
განვიხილოთ თითოეული კატეგორია დეტალურად და ვნახოთ თუ ძირითადად რა ტიპის ინდუსტრიებში გამოიყენება ისინი.

- ბრტყელი ღვედი – ეს ღვედები, თავისი ვიზუალით, ყველაზე ახლოსაა კლასიკურ კონვეიერის ლენტთან. ხშირად ისინი ეშლებათ კიდეც ერთმანეთში.
აღნიშნული ღვედები ძირითადად გამოიყენება ფურცლისა და მუყაოს ინდუსტრიაში. ისინი შეიძლება იყოს როგორც ჩვეულებრივი, ასევე სპეციალური ზედაპირით. ამის მიზანია, ხახუნის ძალის გაზრდა, რაც ლენტს აძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში არა მარტო გადასცეს ძალა, არამედ გადაიტანოს პროდუქციაც.
აღნიშნული ღვედი მზადდება მრავალი მატერიალისაგან, ხოლო მათი გადაბმის პრინციპი ძირითადად არის 2, დანიშნულების მიხედვით.
- რევერსული – ღვედი რომელსაც ორივე მიმართულებით შეუძლია იმოძრავოს
- ცალმხრივი – ღვედი რომელიც მხოლოდ ერთი, წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით შეუძლია იმოძრავოს
ბრტყელ ღვედებს, როგორც კონვეიერის ლენტებს აქვთ 3 გაბარიტი: სიგრძე, სიგანე და სისქე
- სოლისებრი ღვედი – ეს ღვედები ყველაზე ფართოდაა გავრცელებული საავტომობილო ინდუსტრიაში, თუმცა ისინი უნივერსალურია ყველა დანადგარზე სადაც ძალის გადაცემაა აუცილებელი.
აღნიშნული ღვედები ძირითადად მზადდება სპეციალური რეზინისაგან და არის გამაგრებული მეტალის კორდებით სიმყარის შესანარჩუნებლად.
როგორც სურათზე ხედავთ ეს ღვედები მრავალფეროვანია და მათი ფორმა დამოკიდებულია იმ ლილვებზე რომელზეც ისინი გამოიყენება.
სოლისებრი ღვედები არის უნივერსალური და მათ აქვთ სპეციალური კოდიფიცირება. მარტივი V-ს ფორმის სოლისებრი ღვედის გაბარიტები განისაზღვრება 3 ერთეულით: შიდა დიამეტრი, გარე დიამეტრი და კორდის სიგრძე.


- კბილანა ღვედი – ეს არის კლასიკური ძალის გადამცემი ღვედი. იგი გამოიყენება ყველა ინდუსტრიაში და მზადდება მრავალი ტიპის მატერიალებისაგან, დაწყებული რეზინიდან დამთავრებული სპეციალური პოლიურეთანით.
დანიშნულების მიხედვით კბილანა ღვედი შეიძლება გამაგრებული იყოს კევლარის კორდებით რაც მათ შეუდარებელ გამძლეობას ანიჭებს.
უნდა გვახსოვდეს რომ კბილანა ღვედებს გააჩნიათ უნივერსალური კოდირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა არსებული კბილანა ღვედი განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას ჩამოთვლილიდან:
- T – AT
- L – XL
- H – XH
- HTD – STD – RTD
აღნიშნული კატეგორიები კიდევ იყოფა კბილანებს შორის დაცილებების მიხედვით, მაგრამ ამის ჩამოთვლას აზრი არ აქვს, რადგან საკმაოდ გრძელი სია გამოგვივა.
კბილანა ღვედებს, გარდა მათი ტიპისა აქვთ 2 გაბარიტი: სიგანე და სრული სიგრძე
- მრგვალი ღვედი – ეს ღვედები არის ყველაზე უნიფორმული, ზემოთჩამოთვლილი ღვედებიდან. ისინი ძირითადად პოლივინილქლორიდის (PVC) მატერიალისაგან მზადდება და შეიძლება იყოს გამაგრებული სპეციალური კორდებით.
მრგვალი ღვედები ძირითადად პოლიგრაფიულ წარმოებებში გამოიყენება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ ექსპლუატაციას სხვა ინდუსტრიებში.
ისინი ხშირად 2 ფუნქციას ასრულებენ, გადასცემენ ძალას და თან მიმართავენ ან გადააქვთ პროდუქცია ზედაპირზე.
აღნიშნულ ღვედებს აქვთ მხოლოდ 2 გაბარიტი:
სიგრძე და დიამეტრი.

ახლა როდესაც იცით, თუ რა ტიპის ღვედები არსებობს და როგორ კლასიფიცირდება ისინი, უფრო გაგიადვილდებათ მათი იდენტიფიცირება.
ავტორი – გიორგი ფესვიანიძე
Add comment